მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 18 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძირითადი თემა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა და ამისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესი იყო. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელმოწერების შეგროვება სამი დღის წინ დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ამ მოთხოვნას იზიარებენ და მისი განხორციელებისთვის ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, შევუერთდით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მალხაზს აქვს. რაც შეეხება დეტალურ სამოქმედო გეგმას, პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც მალხაზთან შეთანხმებით გავაკეთებთ და აქ იქნება, თუ როგორ ვიმოქმედებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ხელმოწერებით და იყოს ბევრი მიმართულებით მუშაობა სამართლიანობის აღსადგენად. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ნათელი მოეფინოს ამ საქმეს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ.