მალხაზ მაჩალიკაშვილი – მორის მაჩალიკაშვილს სიცოცხლეს ვანდობდი და ზუსტად მაგიტომ მოხდა მისი დაკავება

12:47, 05.08.2019

მორის მაჩალიკაშვილს სიცოცხლეს ვანდობდი და ზუსტად მაგიტომ მოხდა მისი დაკავება, – ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გლდანში, მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით ის გლდანის ციხესთან მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაგებად მივიდა.

„ეს პოლიტიკური რეპრესიებია. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ვინმე დააშინონ, გააჩერონ. ყველაფერზე მიდიან, როცა ხელისუფლება გაბოროტებული და შეშინებულია, ის არის ყველაზე საშიში.

მორის მაჩალიკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეს ვანდობდი და ზუსტად მაგიტომ მოხდა მისი დაკავება, რომ მე გავეჩერებინე. მორისს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და 11 თვის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო. ამ ციხეს რომ შეხედავ, სულ ერთ ფიქრში ვარ, ნეტავ ცოცხალი იყოს თემირლანი და სამუდამო ქონდეს, ვიცოდე რომ ცოცხალია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო ორგანო მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

მსგავსი