მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სუს-ში მისვლას გეგმავს - თუ იქნება შესაძლებლობა, მოვითხოვ, დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად
მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სუს-ში მისვლას გეგმავს - თუ იქნება შესაძლებლობა, მოვითხოვ, დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მისვლას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, თუ შესაძლებლობა იქნება, მოითხოვს, მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაკითხვას.

„დღეს ვგეგმავ 15:00 საათზე ეგრეთწოდებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას. მომიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა ისევ და ისევ, რომლებიც პირდაპირ არიან თემირლანის სისხლში ხელებგასვრილი. თუ იქნება შესაძლებლობა, თუ არის ჩემთვის ეს გათვალისწინებული კანონით, მოვითხოვ დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება, თუ არა, დღეს დააკავონ, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია.

„არ შეიძლება. მე სრულებით არაფერი დამიშავებია. ჩემი დანაშაული ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ვეუბნები, თქვენ ხართ ტერორისტები და მკვლელები, ეს არის ჩემი დანაშაული“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.