მალხაზ მაჩალიკაშვილი - ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, კარვებს იქ დავდგამ, სადაც შევძლებ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, კარვებს იქ დავდგამ, სადაც შევძლებ

ოქმზე, სადაც წერია, რომ თემირლანს ხელყუმბარა ჰქონდა, ხელი მოწერილი არ მაქვს, – ამის შესახებ თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ხელყუმბარა, რომელიც გამოძიებამ მტკიცებულების სახით ამოიღო მათი ბინიდან, შემთხვევის ადგილზე თავად სამართალდამცველებმა მიიტანეს.

„ამ სისხლიანმა ხელისუფლებამ გაანადგურა ხელყუმბარა, ერთადერთი მტკიცებულება, რათა სიმართლე არ დადებულიყო. თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია, ხელყუმბარა არის შემოტანილი. სამი საათის განმავლობაში თემირლანი იმ შემოტანილ ხელყუმბარასთან ერთად ჰყავდათ სპეცრაზმელებს და სუს-ის თანამშრომლებს. რაც შეეხება ოქმს, სადაც ეწერა რომ თემირლანს ხელყუმბარა ჰქონდა, მე იმაზე ხელი მოწერილი არ მაქვს. მე მახსოვს, რომ ხელი არ მომიწერია. თუ აქვთ ჩემი ხელმოწერა, მაშინ გაყალბებულია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აპირებს ბრძოლა გააგრძელოს როგორც სამართლებრივად, ასევე ქუჩის აქციებით.

„ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ. ბრძოლის გეგმა ისაა, რომ ყველა თანამდგომ ადამიანთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა და პროტესტით მივიყვანო ეს საქმე ბოლომდე. კარავიც დაიდგმება და ის ბანერებიც დაიდგმება. კარვებს დავდგამ სადაც შევძლებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თბილისის პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორმა განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.