მალხაზ დოლიძე - ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოში საშიშროება არ არის, პურის ფასიც არ შეიცვლება
მალხაზ დოლიძე - ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოში საშიშროება არ არის, პურის ფასიც არ შეიცვლება

​პურპროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემა არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიოში გამოწვეული პრობლემა, – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიას განუცხადა.

მისი თმით, წელს მოსავლიანობა მცირე იყო და ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა მხოლოდ რუსეთსა და ავსტრალიაში.

„2020 წელი შეიძლება, ვთქვათ, რომ მოსავლიანობის მხრივ იყო ძალიან სუსტი წელი. ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა მხოლოდ რუსეთსა და ავსტრალიაში. მსოფლიოში ძირითადი მოთამაშეა რვა ქვეყანა, რომელიც ხორბალს ამზადებს და ყიდის. აქედან ჩვენს რეგიონში არის რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ევროპაში კი რუმინეთი და საფრანგეთი, ხოლო ამერიკის კონტინენტზე ეს გახლავთ აშშ, კანადა, არგენტინა, ასევე თავისთავად – ავსტრალია. სხვათა შორის, ახალ ზელანდიას ზუსტად იგივე ფართობი აქვს, რაც საქართველოს ხორბლის მოსაყვანად და ახალ ზელანდიას მაინც მოჰყავს ჰექტარზე 4-5 ტონა. ყიდიან, ექსპორტიორი ქვეყანაა, ეს ჩვენთვის სამაგალითოა.

რაც შეეხება საქართველოში პურის ფასს და სუბსიდირების პროგრამას, პროგრამა ითვალისწინებს საქარხნო წარმოებაზე, ჩვენ ვეძახით ქვის პურზე, ფასის არმომატებას, რათა დარჩენილიყო ის ფასი, რაც დღეს არის, ეს არის 0.80-0.90 თეთრი.

კორონავირუსი, მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, ხორბალი მსოფლიო ბაზარზე გაძვირებულია. ამიტომ სახელმწიფომ დაიწყო სუბსიდირების პროგრამის განხორციელება. ანუ წარმოებები, რომლებიც უშვებენ ქვის პურს, მათ მიეწოდებათ სუბსიდირებული ფქვილი, განსაზღვრული ფასი დაწესდა, რომ იმის ზემოთ არ წასულიყო ღირებულება“, – აცხადებს დოლიძე.

მისივე თქმით, ადრე ერთი ტონა ხორბალი თუ ღირდა 205-210 დოლარი, ახლა 260 დოლარამდე მივიდა მისი ღირებულება.

„ასევე ვალუტის კურსის ცვალებადობა იყო ჩვენს ქვეყანაში და ამან ყველაფერმა ფოკუსირება მოახდინა ფქვილის მწარმოებლებზე. ფასები გაიზარდა ფქვილზე. ამიტომ სავსებით სწორად ჩათვალა სახელმწიფომ, რომ ფასი არ გაზრდილიყო საქარხნო წარმოების ე.წ. სახალხო პურზე დაიწყო სუბსიდირების პროგრამის განხორციელება. სუბსიდირებული ფქვილი მიეწოდებათ იმ მწარმოებლებს, რომლებიც თვეში 30 ტონაზე ნაკლებ ფქვილს არ გადაამუშავებენ. 52 კომპანია ჩაერთო ამ სუბსიდირების პროგრამაში.

თუმცა განაცხადი გააკეთა დაახლოებით 80-მა კომპანიამ, ბევრს უნდოდა მონაწილეობის მიღება ამ პროგრამაში და მინდა, სახელმწიფოს ყურამდე მივიტანო – კარგი იქნება, თუ მოხდება იმ წარმოებების ჩართვაც ამ პროგრამაში, რომლებიც გადაამუშავებენ 800 კილოგრამ ფქვილს დღეში. ამ პროგრამაში ვერ მოხვდა მაგალითად თელავის, საჩხერის, ბორჯომის, ჩოხატაურის და სხვა რაიონების ბევრი საცხობი, რომლებიც უშვებენ საქარხნო ტიპის პურს. ამიტომ, თუ იქნება საშუალება, კარგი იქნება ამ საცხობებსაც თუ ჩავრთავთ ამ სუბსიდირების პროგრამაში.

ამ ეტაპზე საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით საშიშროება არ არის, მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება პურის ღირებულებას, ჯერჯერობით პურის ღირებულება არ შეიცვლება და სახალხო პური, იქნება იმ ფასის, რა ფასადაც დღეს იყიდება“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.