მალაიზიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ბრიტანეთში მოერიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც აქციები იმართება
მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მალაიზიის საგარეო უწყება ყურადღებით ადევნებს თვალს საპროტესტო აქციებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს და მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც აპირებს დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას ან უკვე იმყოფება ადგილზე, მოერიდონ იმ ტერიტორიებს, სადაც მიტინგები იმართება.
მალაიზიის საგარეო უწყება ასევე მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, ვინც ჯერ ლონდონში მდებარე მალაიზიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არ დარეგისტრირებულან, სასწრაფო წესით გააკეთონ ეს, რათა საჭიროების შემთხვევაში დროული დახმარება მიიღონ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში მიგრანტების საწინაააღმდეგო აქციები იმართება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივლისს საუთპორტში არასრულწლოვანი ცივი იარღით დაესხა თავს საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო. კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. ბოროტმოქმედი 17 წლის კარდიფში დაბადებული ახალგაზრდაა, რომელიც წარმომავლობით რუანდიდანაა. მომხდარის შემდეგ დიდი ბრიტანეთის არაერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო.