მაკრონი სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს
მაკრონი სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე სამხედრო იერიშის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, გადაწყვეტილებას, მიიტანოს თუ არა სამხედრო იერიშები სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე, რამდენიმე დღეში მიიღებს. მაკრონი ამბობს, რომ მანამდე ის კონსულტაციებს აშშ-სა და ბრიტანეთთან გაივლის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა სირიის საკითხთან დაკავშირებით ბინ სალმანმაც, რომელიც პარიზში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

მაკრონის განცხადებით, სამხედრო იერიშის შემთხვევაში, მათი სამიზნე არავითარ შემთხვევაში არ გახდება სირიის მთავრობის მოკავშირეების ობიექტები და ისინი მხოლოდ ქიმიური იარაღის ობიექტებზე მიიტანენ იერიშს.

მისივე განცხადებით, რუსეთმა სირიაში ზავის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაარღვია.

მანამდე კი ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ ემანუელ მაკრონთან და მოჰამედ ბინ სალმანთან ერთად გადაღებული სელფი Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით – „კომენტარის გარეშე“.