მაკრონი პრეზიდენტის რანგში პირველ დაბადების დღეს შატო შამბორში აღნიშნავს
მაკრონი პრეზიდენტის რანგში პირველ დაბადების დღეს შატო შამბორში აღნიშნავს

საფრანგეთის პრეზიდენტი 21 დეკემბერს 40 წლის ხდება. ემანულ მაკრონი პრეზიდენტის რანგში პირველ დაბადების დღეს ხუთი დღით ადრე აღნიშნავს.

მაკრონი მეუღლესთან ბრიჯიტთან, მის შვილებთან, სიძეებთან და შვილიშვილებთან ერთად შატო შამბორში იმყოფება.

საიუბილეო ვახშამი ციხესიმაგრის ერთ-ერთ დარბაზში გაიმართა და საპრეზიდენტო წყვილი უქმეებსაც იქ გაატარებს.

შატო შამბორი, რომელიც 1519-1547 წლებში საფრანგეთის მეფემ ფრანსუა პირველმა ააშენა, ფრანგული რენესანსის ნიმუშია და პარიზიდან 125 კილომეტრში მდებარეობს.

შატო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და ყოველწლიურად ორი მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს.

როგორც ფრანგული მედია წერს, შატო შამბორის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც ნომრის ღირებულება უქმეებზე 800-დან 1000 ევრომდე მერყეობს.

ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტი ხარჯებს პირადი დანაზოგიდან დახარჯავს.