პორტლენდი დასავლეთ კონფერენციაში 50 მოგებით მეოთხე ადგილზეა, თუმცა მესამე ადგილზე მყოფ ჰიუსტონზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
რეგულარულის დასრულებამდე ტრეილბლეიზერსი კიდევ ოთხ შეხვედრას გამართავს და იმ შემთხვევაში, თუ როკეთსს ფეხი დაუცდება, შესაძლოა მესამე ან თუნდაც მეორე ადგილზე აღმოჩნდეს.
პლეიოფამდე გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დადგა. ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო იუსუფ ნურკიჩმა, ასევე დაშავებულია სი ჯეი მაკკალუმი, რომელსაც მუხლის ტრავმა 16 მარტიდან აწუხებს და ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ორი წამყვანი კალათბურთელის გარეშე პორტლენდი მაინც კარგ შედეგს აჩვენებს. მას შემდეგ ტრეილბლეიზერსმა ცხრა შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთში დამარცხდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება მაკკალუმი გუნდს, თუმცა ფაქტია, რომ პორტლენდის მსროლელი პლეიოფში საკუთარ გუნდს აუცილებლად დაეხმარება.