მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოსთვის მშვიდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ათწლეულებია, ვცხოვრობთ ომის შედეგებით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ჩვენი ყოველდღიური რეალობაა
მშვიდობა რჩება არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების, არამედ ჩვენი განვითარების პრიორიტეტად და ჩვენს ვალდებულებად მომავალი თაობების წინაშე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალზე თემით — „ეროვნული პასუხისმგებლობა პრაქტიკაში: ინკლუზიური სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საერთაშორისო სამშვიდობო მხარდაჭერის გზით“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მშვიდობის მნიშვნელობის გაცნობიერება წარმართავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით მზარდად არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში.
„ჩემთვის დიდი პატივია მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალში მონაწილეობა და უმნიშვნელოვანეს დისკუსიაში ჩართვა, რომელიც ეხება ეროვნულ პასუხისმგებლობასა და მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო მხარდაჭერას. გაერო-ს დაარსებიდან რვა ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, მშვიდობის უზრუნველყოფა კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს კოლექტიურ პასუხისმგებლობად. საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვცხოვრობთ ომისა და კონფლიქტის შედეგებით, რომელთა გავლენა დღემდე მწვავედ იგრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა არის ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საფუძველი. ეს გაცნობიერება წარმართავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით ამ მზარდად არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში. გრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო ახლო აღმოსავლეთი განიცდის მძიმე არასტაბილურობის მორიგ პერიოდს, რის შედეგადაც მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს ენერგეტიკაზე, ვაჭრობასა და ფართო უსაფრთხოების გარემოზე. ამ კონტექსტში, ქვეყნის შიგნით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესის საკითხია.
ჩვენი პასუხი თანმიმდევრულია: ჩვენ ერთგული ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის. ამავდროულად, ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ქვეყანას შეუძლია, შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავისი ენერგია მომავლისკენ მიმართოს. საქართველომ შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შეამცირა სიღარიბე და მიაღწია არსებით პროგრესს მდგრადი განვითარების გზაზე. სტაბილურობამ მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და რეგიონულ დაკავშირებადობაში. ეს არ არის მხოლოდ განვითარების სფეროში მიღწეული წარმატებები. ეს არის იმის დემონსტრირება, თუ რისი შესაძლებლობა მოაქვს მშვიდობას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული პასუხისმგებლობა და სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება. საერთაშორისო მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა მას არ შეუძლია ჩაანაცვლოს ეროვნული პასუხისმგებლობა. მდგრადი მშვიდობა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ ინსტიტუტებს, ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემას – თავად განსაზღვროს საკუთარი განვითარების გზა. იგი ასევე მოითხოვს საზოგადოების ნდობასა და მონაწილეობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სტაბილურ სამხრეთ კავკასიას შეუძლია, წვლილი შეიტანოს მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში.
„როდესაც არასტაბილურობა გავლენას ახდენს მეზობელ რეგიონებზე, უფრო მშვიდობიანი და პროგნოზირებადი სამხრეთ კავკასია შექმნის დიდ სივრცეს ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციებისთვის, თანამშრომლობისა და დაკავშირებადობისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში ბოლო დროს მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია როგორც ამ ორი ქვეყნისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ინვესტიციებს იმ ინფრასტრუქტურასა და დერეფნებში, რომლებიც რეგიონს ფართო საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს. უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას შეუძლია, გააძლიეროს ეს შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ ვიცით კონფლიქტის ფასი და ასევე ვიცით, რისი შენების შესაძლებლობას გვაძლევს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, მშვიდობა რჩება არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების, არამედ ჩვენი განვითარების პრიორიტეტად და ჩვენს ვალდებულებად მომავალი თაობების წინაშე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.