მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ დღის წესრიგს ერთი და იგივე ადამიანები ქმნიან, რომელთა მიზანიც ევროკავშირის დღის წესრიგში ქვეყნის ნეგატიურ კონტექსტში შენარჩუნებაა
ნამდვილად არ განიხილება და არც უნდა განიხილებოდეს სუვერენულ სახელმწიფოში საკითხი, რომ სასამართლო ხელისუფლებას გარე ძალები უნდა მართავდნენ. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია: ეს მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების გაცნობა დროის კარგვაა, რადგან, მისი შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიურ დღის წესრიგს მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები ქმნიან, რომელთა მიზანიც ქვეყნის ევროკავშირის დღის წესრიგში ნეგატიურ კონტექსტში შენარჩუნებაა.
„რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სიმართლე რომ გითხრათ, ამ პროექტებს არ გავცნობივარ, რადგან უბრალოდ დროის კარგვაა ერთისა და იმავე ადამიანების მიერ შექმნილი ნეგატიური დღის წესრიგის განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. თუ დააკვირდებით, ევროპარლამენტის სახელით მუდმივად ერთი და იგივე სახელები ფიგურირებს. ერთი და იგივე ადამიანები გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიისა და უკუსვლის საკითხებზე. ეს ის ხალხია, რომელიც, სხვათა შორის, არც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, არც არჩევნების შედეგებს და არც ამ არჩევნების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას. ეს ის ხალხია, რომელიც ქართველ ხალხს მხოლოდ იმ ადამიანებს უწოდებს, ვინც თავად მოსწონს, ასეთი კი ძალიან მცირე ჯგუფია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია საერთოდ ამაზე საუბარი. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საქართველო მუდმივად ნეგატიურ კონტექსტში იყოს შენარჩუნებული ევროკავშირის დღის წესრიგში.
როდესაც პატიმრებზე წუხან, სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთი ჰუმანური აქტი განხორციელდა – შეწყალებულთა შორის იყვნენ აქციების მონაწილეებიც. ამაზე ყველა დუმს მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგას, მაგალითად, აქციების ან აქციების დროს დაკავებული ადამიანების საკითხი. ასევე დუმდნენ მაშინ, როდესაც 4 ოქტომბრის აქციის შეფასებას ვითხოვდით, როგორი იყო ეს აქცია.შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მცდელობა, რომ საქართველო მუდმივად იყოს ბრიუსელის დღის წესრიგში მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში განხილვის საგანი. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს და სხვა მსგავს საკითხებს, როდესაც სამართლებრივი საკითხები ევროპარლამენტში პოლიტიკური განხილვის საგანი ხდება ისე, რომ მთლიანად უგულებელყოფილია სასამართლო პროცესი, სასამართლო ხელისუფლება და ის პრინციპები, რომლებსაც ნებისმიერ ქვეყანაში სასამართლო ეფუძნება, ეს არასერიოზულია. სწორედ ეს არის სასამართლო საქმეების პოლიტიზების მცდელობა.
სხვადასხვა ინსტიტუტი, სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები – ეს არის ერთი წრე, რომელიც არის მანქანა, ქმნის ისტორიას, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არჩევნები არ ტარდება, სადაც არ არის სასამართლო ხელისუფლება, სადაც გამორიცხულია, რომ სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის ის ილუზიები, წარმოსახვები, რომლებიც ქმნიან გარკვეულ აზრებს საქართველოსთან დაკავშირებით, შემდგომ ეყრდნობიან სხვადასხვა ანგარიშში და ამის საფუძველზე აკეთებენ იმ დასკვნებს, რა დასკვნების გაკეთებაც მათ სურთ საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, აქ კითხვა არის ფუნდამენტური – რა მიზნები ამოძრავებთ ამ ხალხს საქართველოსთან დაკავშირებით და რა არის საერთოდ ის მიზანი, რა მიზნის მიღწევასაც ემსახურება ამდენი ცრუ ბრალდება, ამდენი ცრუ ისტორია? გარკვეული მანქანაა შექმნილი, რომელიც ქმნის ამ დასკვნებს და იყენებს ყველა სხვადასხვა ინსტიტუტს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ვენეციის კომისიის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული დასკვნები საქართველოსთან მიმართებით უმეტესად პოლიტიკური ხასიათისაა და არა სამართლებრივი.
„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები თუ დასკვნები რომ ვნახოთ, ბოლო პერიოდში, რაც კი საქართველოსთან დაკავშირებით დაწერილა, ყველა პოლიტიკური ხასიათისაა. იქ არ არის საუბარი ამა თუ იმ მუხლზე ან სამართლებრივ ნორმებზე და სამართლებრივ რეკომენდაციებზე, უმეტესწილად სწორედ ასეთია ეს დასკვნები, რომ არც სასამართლო ხელისუფლება ვარგა, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა ნორმალური კანონი მიიღოს, არ შეიძლება საქართველოს სასამართლომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღოს და ასე შემდეგ. მთლიანად სისტემასთან მიმართებით ხდება კითხვის ნიშნების გაჩენა, მათ შორის უსაფრთხოების სისტემის, და ასე შემდეგ.
აქედან გამომდინარე, ამ მანქანის სამსახურში ჩამდგარი ვენეციის კომისიის დასკვნებიც ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს საკანონმდებლო ორგანოს კანონის შესაცვლელად ან კანონზე სამუშაოდ. იმ შემთხვევაში ექნებოდა ამ დასკვნებს ფასი საკანონმდებლო პროცესში, თუ ის უშუალოდ იქნებოდა კანონმდებლობასთან დაკავშირებული და არ ექნებოდა მას პოლიტიკური ხასიათი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში იღებენ პოლიტიკოსები, ისინი, ვისაც აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის მატარებელი ამ ქვეყანაში არის ერთადერთი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ორგანოები. დანარჩენი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დამხმარე ხასიათის, იქნება ეს სამართლებრივი თუ ასე შემდეგ, რეკომენდაციები, სწორედ ისიც პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია, რამდენად იქნება გათვალისწინებული თუ არა. თუმცა, კიდევ ერთხელ, მათი მოვალეობა არ არის პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაციების გაცემა, ეს რეკომენდაციები სულ სხვა ხასიათის უნდა იყოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.