მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2026-2030 წლების ჩარჩო დოკუმენტის განხორციელებას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა გაერო-ს დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ორგანიზაციის რეფორმა, რომელიც გენერალური მდივნის „UN80 ინიციატივის“ ფარგლებში ხორციელდება.
მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილი გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებები და მათთან დაკავშირებით საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები.