მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები არის მხოლოდ სასიკეთოდ გამოსაყენებელი, რამაც შეიძლება წვლილი შეიტანოს ევროპულ უსაფრთხოებაში

20:39, 24.11.2026

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები, განხორციელებული პროექტები უკვე არის ევროპისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, დღეს მათი მნიშვნელობა იზრდება და არა მცირდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილმა უპასუხა შეკითხვას: „ახალ მოცემულობაში, როდესაც, მათ შორის, ევროპა ეძებს ახალ-ახალ მიმართულებებს და ხშირად ფსონი კეთდება სამხრეთ კავკასიაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები, მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის, და რამდენად შეიძლება, იმ პროექტებმა, რომლებსაც საქართველო-აზერბაიჯანი ახორციელებს, თავისი როლი შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემობრუნებაში, მათ შორის, შეჩერებული პოლიტიკური დიალოგის აღდგენაში?“

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თანამშრომლობის ისტორია, რაც შექმნეს საქართველომ და აზერბაიჯანმა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.

„ჩემმა კოლეგამ უკვე ისაუბრა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც სწორედ უკავშირდება ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, რაც ჩვენი თანამშრომლობით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული პროექტების საფუძველზე არის უზრუნველყოფილი. ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს არსებობს რეგიონში. ეს არის თანამშრომლობის ისტორია, რაც შექმნეს საქართველომ და აზერბაიჯანმა, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, დივერსიფიკაციაზე, დაკავშირებადობაზე, ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ დღის წესრიგში, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უფრო ფართოდ, ევროპული უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს გზები მოდის სწორედ აქ, სამხრეთ კავკასიაში და აქ რაც ხვდება ამ გზას, არის უკვე ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები, თანამშრომლობა, მეგობრობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ გამოსაყენებელი სიკეთე, რამაც შეიძლება წვლილი შეიტანოს ზოგადად ევროპულ დღის წესრიგში და ევროპულ უსაფრთხოებაში. შესაბამისად, აქ არცთუ ისე რთულად არის საქმე. საქმე შეეხება მხოლოდ და მხოლოდ რუკის წაკითხვას. ჩვენ გვაქვს გამოცდილება თანამშრომლობის, პარტნიორობის. საქართველოს, რა თქმა უნდა, ასევე აქვს ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესს, რაც, პირველ რიგში, მოითხოვს დიალოგს და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას ევროპულ მხარესთან. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოსა და აზერბაიჯანს გვაქვს შექმნილი საფუძველი ევროპული საერთო დიდი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა და პარტნიორობა ამ მიმართულებით და წვლილი შევიტანოთ სხვადასხვა რეგიონის კეთილდღეობაში. თანამშრომლობის, მეგობრობის ჩვენი გამოცდილება ასევე გავუზიაროთ სხვებსაც“,  – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი