მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიცია როგორც ამბობს, რომ ფასადურად სრულდება რეკომენდაციები, ასეთივე ფასადურია მათი კრიტიკა, მით უმეტეს, მათგან, რომლებსაც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობით თავი არ შეუწუხებიათ
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიცია როგორც ამბობს, რომ ფასადურად სრულდება რეკომენდაციები, ასეთივე ფასადურია მათი კრიტიკა, მით უმეტეს, მათგან, რომლებსაც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობით თავი არ შეუწუხებიათ

ოპოზიცია როგორც ამბობს, რომ ფასადურად ვასრულებთ რეკომენდაციებს, ასეთივე ფასადურია მათი კრიტიკა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია მუშაობს საქართველოს პროგრესის შეფასებაზე და ამ ფონზე ყოველგვარი წინასწარი შეფასებები პროცესისთვის დამაზიანებელია.

„სერიოზულად ვერ იქნება აღქმული მათი კრიტიკა, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ცვლილებების შემუშავებაში, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება. მონაწილეობა არ მიუღიათ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც შარშან ზაფხულში შეიქმნა და ამ პერიოდში 60 შეხვედრა გაიმართა. მათ არ შეუწუხებიათ თავი, ცხელი დღეები პარლამენტის შენობაში გაეტარებინათ. ოპოზიციის საქმეა, აკრიტიკოს და გამოხატოს პოზიციები, თუმცა სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს. მაშინ, როცა ევროკომისია მუშაობს საქართველოს პროგრესის შეფასებაზე, ყოველგვარი წინასწარი შეფასებები ამ პროცესისთვის დამაზიანებელია. იმის თქმა, რომ საქართველომ არაფერი გააკეთა, ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ წინასწარ შექმნას აღქმა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას დააზიანებს. ვიღაცების თავში როდესაც ჩაჯდება, რომ საქართველოს არაფერი გაუკეთებია, შემდეგ ძალიან რთულია ხოლმე, ამტკიცო ის, რაც სამტკიცებელი არ გაქვს და ისედაც ცხადია, რომ რაღაცები გააკეთე. არბიტრია ევროკომისია, რომელიც სერიოზულად სწავლობს გადადგმულ ნაბიჯებს და თავის სათქმელს ოქტომბერში იტყვის. მანამდე ასეთი ზედაპირული, ფასადური შეფასებების გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.