მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, რათა დროულად იქნას უზრუნველყოფილი ის სიკეთეები, რაც თან მოჰყვება ევროკავშირის გაფართოებას
მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, რათა დროულად იქნას უზრუნველყოფილი ის სიკეთეები, რაც თან მოჰყვება ევროკავშირის გაფართოებას

ევროკავშირისთვის დღეს უპირველესი გამოწვევა არის უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაც. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, რომ დროულად იქნეს უზრუნველყოფილი ის სიკეთეები, რომლებიც, როგორც ისტორია აჩვენებს, თან მოჰყვება ევროკავშირის გაფართოებას, პირველ რიგში, უსაფრთხოება და სტაბილურობა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი განხორციელდეს.

„ეს ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ დროულად არ მოხდება იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც საჭიროა ევროკავშირის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ სამ კანდიდატ ქვეყანაზე – საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე, რომლებიც უნდა შევიდნენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა, ამავდროულად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, რომლებიც ათწლეულია, პროცესში არიან და მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი განხორციელდეს მათი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეც. ეს არის ის, რამაც უნდა დაადასტუროს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ეფექტიანობა და სინამდვილე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წელსვე გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რათა ყველამ დაინახოს, რომ ეს პოლიტიკა მუშაობს და ჩვენ, ყველანი, ვართ ამ პოლიტიკის ნაწილი, რომლის მიზანიც არის ევროკავშირის გაფართოება და ახალი წევრების მიღება ევროკავშირში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.