მაკა ბოჭორიშვილი -​ მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე

00:59, 26.11.2026

საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშს რაც შეეხება, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ანგარიშის ნაწილია და ქვეყნდება ყველა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით – ანგარიშს აქვს მომზადების წესები, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშის მომზადება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, „გასულ წელსაც არანაკლებ კრიტიკული იყო ანგარიში, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, და, ინფორმაციული თვალსაზრისით, მას ალბათ ბევრი ინფორმაცია აკლდა“.

„არის ერთი მიმართულება, დიალოგზე ვსაუბრობ. ევროკავშირთან არსებობს დიალოგის სხვადასხვა ფორმატები, რაც გათვალისწინებულია მათ შორის ასოცირების შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, ევროკავშირს აქვს თუ არა გადაწყვეტილება მიღებული, დაიწყოს ამა თუ იმ ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაწევრიანების საკითხზე. ამის მიუხედავად, ქვეყანასთან, რომელთანაც ევროკავშირს აქვს პარტნიორობა, არსებობს სხვა დიალოგის ფორმატები და ასეთი ფორმატები საქართველოსთანაც, როგორც ასოცირებულ პარტნიორთან, ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

​უკვე მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან არცერთ ასეთ ფორმატში შეხვედრა არ გამართულა. რას ემსახურებოდა ეს შეხვედრები აქამდე? ისინი, ძირითადად, ინფორმაციის გაცვლას ისახავდა მიზნად იმ ვალდებულებებისა და ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდა. ასეთი შეხვედრები არცერთ დონეზე, მათ შორის ტექნიკურ დონეზეც, აღარ გამართულა. ტექნიკურ შეხვედრებზე საკმაოდ დეტალურად განიხილებოდა ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, ასევე ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული ღონისძიებები. შესაბამისად, უკვე ორი წელია, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კითხვას იმის შესახებ, რომ „როგორც ცნობილია, ამ ანგარიშისთვის წერილობითი ინფორმაცია უკვე მიაწოდეთ“, ბოჭორიშვილმა აღნიშნა:

„ჩვენ მათ მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას. ეს არის ერთი მიმართულება, რომელსაც ევროკომისიის ანგარიშები ეფუძნება. მეორე მიმართულებაა წერილობითი ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით ევროკომისიას. ამ ინფორმაციის ნაწილი ანგარიშში ნაწილობრივ გათვალისწინებულია. თუ სრულად იქნებოდა ის გადამუშავებული და გათვალისწინებული, შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა სახის დასკვნებიც. მეორეს მხრივ, თუ ნახავთ ფაქტობრივ ინფორმაციებს, რომელიც მოცემულია ხშირ შემთხვევაში ნეიტრალურ კონტექსტში და შემდგომ ნახავთ ამ ინფორმაციებზე დაფუძნებით დასკვნებს, რომლებიც ძირითადად არის უკვე ნეგატიურ კონტექსტში მოცემული, ესეც კი არ არის თანხვედრაში. ჩვენ შარშანაც და წელსაც იგივეს ვაპირებთ, გავაკეთეთ საკმაოდ ძირეული ანალიზი იმ ანგარიშის, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა. ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ იმ ანგარიშში დაფიქსირებულ უზუსტობებთან თუ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ იყო ანგარიშში ასახული და არასწორად იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე რეაგირება ან პასუხი, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ამ ანგარიშზე. ანგარიში მოიცავს ზოგადად ძალიან ბევრ საკითხს და ბევრი უწყების მუშაობასთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვაპირებთ, კვლავ გავუგზავნოთ ევროკომისიას ჩვენი კომენტარები ანგარიშთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი