მაკა ბოჭორიშვილი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ გზავნილი ბრიუსელიდან, რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს
მაკა ბოჭორიშვილი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ გზავნილი ბრიუსელიდან, რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გუშინ ბრიუსელიდან მიღებული გზავნილი ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო არის უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ეს არის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, გაემართა ეს შეხვედრა და მონაწილეობა მიეღო მასში. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ევროკავშირთან ურთიერთობაში რა არის აქტუალური საკითხი. ეს არის ახალი რეალობა, რომელშიც საქართველო იმყოფება ევროკავშირთან მიმართებით. ის პერსპექტივა, რომელიც გაჩნდა ივნისის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რაც ერთგვარად გზას უხსნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ცხადია, ჩვენ გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები შესასრულებელი. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ ბევრი განცხადება, რეკომენდაცია მათი შესრულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური წრის, ყველა პოლიტიკური კლასის მონაწილეობაში მნიშვნელობის ხაზგასმა. რა თქმა უნდა, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, პროცესში მმართველი გუნდის, ხელისუფლების პოზიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ გზავნილი, რომელიც ბრიუსელიდან გვაქვს. ეს არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა ევალება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. სხვანაირად, რა თქმა უნდა, პროცესი, დაზიანდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.