მაკა ბოჭორიშვილი - იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც 2014 წლიდან მივაღწიეთ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ და შემდგომ პროცედურებზე ისაუბრა.
„2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ ოფიციალური განაცხადი წარუდგინა ევროკავშირს. სამწუხაროდ, ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, საქართველომ და მოლდოვამ უკრაინასთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის და რუსეთის გაუგონარი აგრესიის პარალელურად დაიწყო. ევროკავშირის საბჭომ უპრეცედენტოდ უმოკლეს ვადაში მოახდინა რეაგირება სამივე ქვეყნის განაცხადზე, იმსჯელა და ევროკომისიას გადასცა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა გასულ კვირას ვერსალის არაფორმალურ სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მათი პოლიტიკური მხარდაჭერა და აქვე დაადასტურეს საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში. პირველ ეტაპზე ევროკომისია მოამზადებს შეფასებას, რის საფუძველზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პროცესი დაწყებულია.
საქართველოს, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც 2014 წლიდან მივაღწიეთ ასოცირების დღის წესრიგის შესრულების თვალსაზრისით, პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
ახლა პასუხი ევროკაშირზეა! ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების დღიდან საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ჩვენ ძალიან კარგად გვქონდა გააზრებული ჯერ კიდევ 2020 წელს, მაშინ, როდესაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხის ურყევი ნების საფუძველზე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს გააკეთებდა. ეს პერიოდი დავთქვით იმიტომ, რომ ევროკავშირის კარზე ისეთ დროს მიგვეკაკუნებინა, როდესაც კარს დროულად და ფართოდ გაგვიღებდნენ.
დღეს ამ ნაბიჯის დათქმულ დროზე ადრე გადადგმა გადაგვაწყვეტინა ევროკავშირის ისტორიაში რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეულმა „ტექტონიკურმა ცვლილებამ“, როგორც ამას თავად ევროკავშირის ლიდერები უწოდებენ. ეს ცვლილება ერთმნიშვნელოვნად აისახა ევროკავშირს წევრი ქვეყნების პოზიციებზე ევროკავშირის მომავალთან და გაფართოების საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს 3-5 მარტს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიწვევით პარიზში გამართულ შეხვედრებზეც მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტების შეკრება (COSAC) გაიმართა.
„საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, სხდომაში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა და სხვა მაღალი რანგის პირებმა. საქართველო გახლდათ ერთადერთი ასოცირებული პარტნიორი, რომელიც აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩვენს კოლეგების გავაცანი საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და ვთხოვე მათი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ბუნებრივია, სხდომის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია გახლდათ. შეხვედრის ფარგლებში მიღებული იქნა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც მიუერთდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებმა ამ განცხადებით უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად დაადასტურეს საქართველოსა და მოლდოვას დემოკრატიული არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
გასულ კვირაში ასევე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად ვიმყოფებოდი სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტის პლენარული სესიის პარალელურად მრავალი შეხვედრა გავმართეთ ევროპარლამენტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და ასევე ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან. ორივე ვიზიტის შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრები ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არიან ამ პროცესში ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ ჩვენს ქვეყანას.
განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა რიგი ევრო პარლამენტარების მხრიდან გამოხატულ უპირობო მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებენ და ასევე კარგად აცნობიერებენ უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.
სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საკითხსაც პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს და ნაცვლად ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში და ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო ერთიანობისა, კვლავ იმ ტოტის მოჭრით არიან დაკავებული, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.