მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვის, იმედი მაქვს, კონსენსუსი მიღწეული იქნება
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვის, იმედი მაქვს, კონსენსუსი მიღწეული იქნება

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება და ყველა წევრი სახელმწიფოს პოზიციას აქვს ძალიან დიდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, უკრანისთვის და მოლდოვისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, კონსენსუსი იქნება მიღწეული წევრ სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, „რამდენად შეიძლება, აისახოს უკრაინის მიმართ უნგრეთის პრინციპული პოზიცია სხვა გადაწყვეტილებებზე და შეიძლება თუ არა, საბჭომ იმსჯელოს, რომ თუ დაახლოებასთან დაკავშირებით ერთ ქვეყანასთან არ იდგმება შემდგომი ნაბიჯი, მაშინ ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაშიც იმავენაირად უნდა მოიქცნენ“, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რთულია იმის თქმა, როგორ შეიძლება, განვითარდეს ევროკავშირის საბჭოში დისკუსიები, თუმცა მსგავს გადაწყვეტილებას არ ელოდება.

„საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ძალიან ბევრ პრაგმატულ ინტერესთან არის დაკავშირებული და ეს ამყარებს ჩვენს იმედს, რომ უნგრეთის პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ლოზუნგი არ არის, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ჟესტი უნგრეთის მხრიდან, საკმაოდ პრაგმატული და მყარი პოზიციების გამო აქვს საქართველოს ეს მხარდაჭერა უნგრეთის მხრიდან და სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდანაც. რთულია თქმა, როგორ შეიძლება, განვითარდეს ევროკავშირის საბჭოში დისკუსიები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ნაკლებად მოველი მსგავს გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს არის გაფართოების ანგარიში, გაფართოების საკითხზე არის წარმოდგენილი წინადადება. უფრო მოველი, რომ წევრი სახელმწიფოები ამ მოლაპარაკებებში მიიღებენ იმას, რაც მნიშვნელოვანია მათთვის და გადაწყვეტილება იქნება ერთიანი. არ მოველი ამას, მოდით, საქართველოსთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და სხვა დანარჩენ სახელმწიფოებს დავანებოთ თავი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, გაფართოება მთლიანად პოლიტიკაა ევროკავშირისთვის და ამ პოლიტიკაში 2022 წლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლა მოხდა.

„ეს იგრძნობა, იგრძნობა უკვე სინამდვილე გაფართოების პოლიტიკის, რომ ევროკავშირი სერიოზულად უდგება ამ საკითხებს. საუბრობენ ძალიან სწრაფ ტემპზე, რაც შეიძლება, მიეცეთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და რაც აქამდე არ იყო. ევროკავშირში უფრო მეტად გააცნობიერეს, რომ ამ რეგიონში თუ არ იქნება ერთგვარი სტაბილურობა და თუ ეს რეგიონი არ იქნება ევროკავშირის ჩარჩოს ნაწილი, ნაკლებად მოსალოდნელია, თავად ევროკავშირს ჰქონდეს მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა და იდეა, რაც არის ევროკავშირი და რასაც ის ეფუძნება, იყოს სრულყოფილი სწორედ ჩვენ გარეშე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დამოკიდებულებაში ეს ცვლილებები, ბუნებრივია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს და ეს სჭირდება ევროკავშირს, რათა განხორციელდეს გაფართოების პოლიტიკა ახლო მომავალში.

„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მოველი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მთელი სერიოზულობით უყურებენ ამას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.