მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირის წევრებში იცვლება განწყობები, მათ არ სურთ, იყვნენ ბრიუსელის პოლიტიკის მხარდამჭერები, როცა საუბარია საქართველოსთან არჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებაზე
საქართველოსთან დაკავშირებით შეიცვალა განწყობები კი არა, უფრო მეტად, თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იცვლება განწყობები საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ბოჭორიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას – რომელი ქვეყნები იგულისხმება, როდესაც ხელისუფლება აკეთებს განცხადებებს, რომ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში შეიცვალა განწყობები საქართველოსთან დაკავშირებით, რაში გამოიხატება შეცვლილი განწყობები?
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უფრო ნაკლები და შეიძლება ითქვას, ძალიან მცირე ჯგუფია იმ აქტორების, რომლებიც მხარს უჭერენ, ასე ვთქვათ, გაბუტვის პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისთვის.
„უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა. უფრო მეტი პოლიტიკოსი გვხვდება, რომელიც ასე ფიქრობს. მე მოვერიდები კონკრეტული ქვეყნების დასახელებას, თუმცა, თუ დააკვირდებით თავად ევროკავშირის საგარეო საქმეთა შეხვედრების წინ გაკეთებულ განცხადებებს, თქვენ შეგიძლიათ, შეადაროთ, რა ხდებოდა ერთი წლის წინ, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები რა განცხადებას აკეთებდნენ და რა ხდება ახლა, როდესაც საქართველოსთან, ან ჩვენ რეგიონთან დაკავშირებით არის მსჯელობა; რამდენი ენთუზიაზმით გაკეთებული განცხადება გხვდებათ საქართველოსთან დაკავშირებით? ბევრად უფრო ნაკლები. არა იმიტომ, რომ არ უნდათ საქართველოს შეფასება, უბრალოდ, მათ არ სურთ, დააფიქსირონ კრიტიკული პოზიციები და იყვნენ, ასე ვთქვათ, ბრიუსელის პოლიტიკის მხარდამჭერები, როდესაც საუბარია საქართველოსთან ამ პოლიტიკის, არჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა იმ ქვეყნების დასახელება მაინც, რომლებიც ხელისუფლების განცხადებით, აბულინგებენ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს, რომ ისინი არ შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეს ალბათ, უფრო კონკრეტული თანამდებობის პირები არიან ბრიუსელში, ვინც ამას აკეთებს და იყენებს იმ თანამდებობებს, რაც მათ აქვთ დღეს ბრიუსელში ევროკომისიაში.
„ამ თანამდებობებს იყენებენ, რომ გარკვეული დირექტივები მისცენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ან მინისტრებს და განუსაზღვრონ, რა უნდა გააკეთონ მათ. ზოგი მიჰყვება და ზოგი არ მიჰყვება ამ ინსტრუქციებს, უფრო ნაკლები ადამიანი მიჰყვება ყოველდღიურად და ვხედავთ, რომ საუბრის პრობლემა ნამდვილად არ არის არავისთან. ჩვენ ყველასთან შეგვიძლია, ვისაუბროთ და ვსაუბრობთ კიდეც. აქ საუბარია თვითონ კომიკურობაზე იმ დამოკიდებულების და ინსტრუქციების, რომელიც გაცემულია კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან ბრიუსელში. ალბათ ნახეთ, პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ „ევრონიუსთან“, სადაც წამყვანს წამოსცდა, თურმე სურათის გადაღება-არგადაღებაც ინსტრუმენტი ყოფილა, რომელიც ალბათ გაცემულია ბრიუსელის კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, სურათი გადაიღონ, თუ არ გადაიღონ. მერე იხსენებ, რა ხდებოდა გასულ პერიოდში. ხდებოდა არა ერთი შეხვედრა და თხოვნა ამ შეხვედრის მერე, რომ არ გაშუქებულიყო ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, ითვალისწინებ, როცა კოლეგას ხვდები, ესაუბრები და გესაუბრება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, უთხოვიათ თუ არა მისთვის, რომ შეხვედრის შემდეგ ფოტო არ გადაეღოთ და რომელ ქვეყნებს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლა არ სურს.
„რა თქმა უნდა, არა ერთხელ უთხოვიათ. არ მინდა, ახლა ამ ქვეყნების ჩამოთვლა, არ ვიტყვი ამას, მაგრამ იყო ბევრი იყო ასეთი, არაერთი ქვეყანა. იყო ასეთი შემთხვევები, ახლა ნაკლებად არის. ეს ინსტრუმენტიც გაცვდა და ერთგვარად, თავისი როლი დაკარგა. ახლა არავინ აღარ ერიდება არც ფოტოს გადაღებას და არც შეხვედრას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.