მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული პრაქტიკული, ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების ხელშეწყობისკენ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული პრაქტიკული, ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების ხელშეწყობისკენ

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ათწლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც პოლიტიკურთან ერთად, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოიცავს, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის საკითხებს ეხება.

ბოჭორიშვილის თქმით, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით.

„მადლობას გადავუხდი ბელგიის თავმჯდომარეობას საინტერესო განხილვების ორგანიზებისთვის ევროპარლამენტში. მე წარმოვადგენ საქართველოს, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა გასული წლის დეკემბერში და აქვს ამბიცია, იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ათწლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც პოლიტიკურთან ერთად, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოიცავს, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით, რაც უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვას, სერვისების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, კონკურენციის ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას თუ  სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციებია.

„მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, ბოლო წლებში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე, შევძელით, გვქონდეს  ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი, რაც ძირითადად უკავშირდება გარე მოწყვლადობის შემდგომ შემცირებას, შრომის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სტრუქტურული სისუსტეების აღმოფხვრას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მოწოდებულია, გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით.

„იმისთვის, რომ სრულად იქნას ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი. ამასთანავე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული პრაქტიკული, ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების ხელშეწყობისკენ, რაც ორმხრივად სარგებლის მომტანი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.