მაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ორგანიზაციის დღის წესრიგში
ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგნაციო კასისი. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით, გვესაუბრა ეუთო-ს დღის წესრიგზე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, მიუხედავად ხშირი კომუნიკაციისა, ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოსთვის.
ამასთან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იგნაციო კასისთან შეხვედრისას ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებსა და ორგანიზაციის როლზე.
„ეუთო-ს თავმჯდომარის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო დასტური, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხი არის ეუთო-ს ორგანიზაციის დღის წესრიგში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია, თავის მხრივ, არის საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი. ეუთო-ს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია, უკვე მრავალი წელია, ასრულებს შუამავლის როლს. შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და შვეიცარიაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებიდან გამომდინარე, კვლავ აქტუალურია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება და ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენება. ეუთო გახლავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი საქართველოსთვის რჩება ერთადერთ ჩარჩოდ, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხზე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და მის მძიმე შედეგებზე. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იგნაციო კასისს დღეს ექნება შესაძლებლობა, ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და თავად გაეცნოს, ნახოს უსაფრთხოების ყოველდღიური გამოწვევები.
„საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენას და შერიგებას. ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება. საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება არის ერთადერთი გზა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას, რეგიონში მნიშვნელოვანი როლისა და ფუნქციის განხორციელებას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეუთო-ს ფარგლებში მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური განზომილება, რომელშიც დაკავშირებადობას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი და საქართველოს როლი ამ თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია.
„ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განზომილების, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მზარდ შესაძლებლობებზე. ჩვენ ასევე შევეხეთ ეუთო-ს ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას და გამოწვევებს, რომელიც თან ახლავს ხშირად ორგანიზაციის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობებს. საქართველო არის ეუთო-ს კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპების და პატივს სცემს ამ ორგანიზაციას, მის ინსტიტუტებს. დღეს სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც თან ახლავს მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ პრინციპებისა და ნორმების დაცვაში, რაც საფუძვლად უდევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას.
კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში საქართველოში განხორციელებული ვიზიტისთვის. მინდა, გისურვოთ, წარმატებით დაასრულოთ თქვენი თავმჯდომარეობა ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში, რაც ნამდვილად არ ასრულებს ჩვენს ურთიერთობას შვეიცარიასთან, როგორც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან. აქვე აღვნიშნავ იმ არაჩვეულებრივ დინამიკას და ურთიერთობებს, რაც არსებობს ორმხრივ ჩარჩოში, ორმხრივ კონტექსტში ჩვენს ქვეყნებს შორის. მხოლოდ მოხარული ვიქნებით და მზად ვართ, რათა კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში. დიდი მადლობა საქართველოში ვიზიტისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.