მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება სამწუხარო გადაწყვეტილება და მიმართული ურთიერთობების გაუარესებისკენ
მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება სამწუხარო გადაწყვეტილება და მიმართული ურთიერთობების გაუარესებისკენ

ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს როდესაც ეტყვის, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს მოკლებული იქნება რაიმე საფუძველს და იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩვენ დავინახოთ მზაობა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.

კერძოდ, კითხვა ეხებოდა საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

ბოჭორიშვილის თქმით, „ეს იქნება სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებს და მიმართული იქნება ამ ურთიერთობების გაუარესებისკენ და არა გაუმჯობესებისკენ“.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.