მაკა ბოჭორიშვილი – დიდი დრო გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ჩვენ შესაძლებლობებს სცდება
საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციაა ხელისუფლებაში და საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებაში ცვლილებები ნამდვილად არის, – ამ განცხადებით ამის შესახებ ვიცრე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ბოჭორიშვილმა უპასუხა შეკითხვას, ხომ არ გაჩნდა აშშ-თან რამე ახალი ნიშნები და იმპულსები ურთიერთობის ნორმალიზების და გადატვირთვის, რადგან ორი წელი ხდება ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან, თუმცა ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში ხელშესახები შედეგები ჯერ არ გვაქვს.
„ჩვენ არც იმ რიტორიკას ვხედავთ და არც იმ დამოკიდებულებას, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. ამავდროულად, იმასაც ვხედავთ, რა საერთაშორისო დღის წესრიგით არის ტრამპის ადმინისტრაცია წარმოდგენილი, რა ხდება ზოგადად გლობალურად და ამერიკის შეერთებული შტატების როლი როგორია გლობალურ პროცესებში. ჩვენი პოზიციაც ცხადია, გაჟღერებულია არა ერთხელ, რომ საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი და შინაარსიანი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან; ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმის მოძებნაზე, თუკი აღდგენა არ გვინდა იმ ურთიერთობის, სტრატეგიული ურთიერთობის, ჩვენ შეიძლება, ახალ ფორმაზე ვისაუბროთ, თუმცა ეს იმ დღის წესრიგის ნაწილი უნდა იყოს, რა დღის წესრიგითაც აშშ მოქმედებს დღეს გლობალურად. ჩვენ ვნახეთ გარკვეული საუბრები, ვიზიტები საქართველოში, საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული დიალოგის შესაძლებლობები იყო და არის მუდმივად, თუმცა ჩვენ ვერ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებს სცდება. ეს არის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა დაყენებული აშშ-ის მხრიდან რამე პირობები, ან მოთხოვნები, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ აქ არანაირ მოთხოვნებზე და პირობებზე საუბარი არ არის.
„საქართველო როგორ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურ დღის წესრიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ იქნება განსაზღვრული საქართველო-აშშ-ის მომავალი ურთიერთობები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.