მაკა ბოჭორიშვილი - დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დგას, ვიდრე გასული წლის განმავლობაში იყო
მაკა ბოჭორიშვილი - დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დგას, ვიდრე გასული წლის განმავლობაში იყო

დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღის წესრიგში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტიურად დგას, ვიდრე გასული წლის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ნამდვილად გაზრდილია იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ხმამაღლა ახსენებენ და ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო და აუცილებელად უნდა გამოსწორდეს.

„ზოგადად, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ხაზი ესმება საქართველოს მნიშვნელობას, რაც ასევე კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენს კოლეგებთან სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია სამომავლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დეკემბრამდე, მაგრამ ამ მოცემულობაში ჩანს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ინტერესიც გაზრდილია და პოზიციებიც ბევრად უფრო საქართველოს სასარგებლოდ არის ამ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და დაწევას ერთგვარად სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.