მაკა ბოჭორიშვილი - დეპოლარიზაცია არის საკითხი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ვერ გადაწყდება, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა
მაკა ბოჭორიშვილი - დეპოლარიზაცია არის საკითხი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ვერ გადაწყდება, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა

დეპოლარიზაცია არის საკითხი, რომელიც ერთი პოლიტიკური პარტიისა და მმართველი პარტიის მიერ ვერ გადაწყდება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ვერთიანდებოდეთ და ვმუშაობდეთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა.

„დეპოლარიზაცია არის საკითხი, რომელსაც არ გავურბივართ. ეს არის საკითხი, რომელიც ერთი პოლიტიკური პარტიისა და მმართველი პარტიის მიერ ვერ გადაწყდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გააცნობიეროს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა და ის, თუ რას გვეუბნება ევროკავშირი, სწორედ ამ სიტყვებით, როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე.

სამწუხაროდ, ამ დრომდე და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესშიც ვნახეთ, რომ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები ევროინტეგრაციის საკითხს იყენებენ სწორედ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, რაც დამაზიანებელია ქვეყნისთვის. თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდილობთ და გამოვხატავთ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც არ უნდა იყოს ქვეყანაში მაპოლარიზებელი. პირიქით, ეს უნდა იყოს საკითხი, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ვერთიანდებოდეთ და ვმუშაობდეთ ერთად. ამას გვეუბნება ევროკავშირიც, თუმცა ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს აქვს უფლება, თავისი დღის წესრიგი ააწყოს ისე, როგორც თავად სურთ და ჰგონიათ სწორი. მას შემდგომ მოსახლეობა გადაწყვეტს, რა იყო სწორი და რა – არასწორი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, „თუ ისევ პოლარიზაციით მივალთ დეკემბრამდე და მთავარი მოთხოვნა ეს იქნება, ხომ არ ფიქრობთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს“, ბოჭორიშვილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს საკითხი ვერ იქნება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის გადამწყვეტი, რომელსაც ქვეყანა დეკემბერში ელოდება.

„არ მინდა, არცერთი რეკომენდაციის მნიშვნელობა დავაკნინო ამ შემთხვევაში, მაგრამ პოლარიზაცია არის ზოგადად ის საკითხი, რაც ცოტა გაურკვეველია, რა ნიშნულებით შეიძლება, განისაზღვროს პოლარიზაციის მისაღები დონე და ის დონე, რომელი არის მიუღებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღის მნიშვნელობა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მაინც მიმაჩნია, რომ მხოლოდ ეს საკითხი ვერ იქნება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის გადამწყვეტი, რომელსაც ჩვენ დეკემბერში ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენივე ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები თუ გააცნობიერებენ, რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის საკითხის გამოყენება პოლარიზაციაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.