მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი არჩევანი მშვიდობაა, ხოლო მშვიდობის დაცვა ისე, რომ არასოდეს დავთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტერესები, უმთავრესი პასუხისმგებლობაა

14:37, 02.11.2026

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს უწევდა ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ურთულეს რეგიონში და სწრაფად ცვალებად თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლა დღესაც არანაკლებ რთულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი დიპლომატია იყოს, — ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუციური სიძლიერის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინო ხდება და საქართველომ ეს გამოწვევა საკუთარ თავზე მძაფრად განიცადა.

მინისტრის განმარტებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით და ხელისუფლების უკომპრომისო მოქმედებით შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და მშვიდობიანი განვითარებისთვის პირობების შექმნა.

„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს.

ჩვენთვის დიდი პატივია, ქართული დიპლომატის დღე თქვენთან ერთად აღვნიშნოთ. დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოს სახეა, ქვეყნის სახელით საუბარი განსაკუთრებული პრივილეგია და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. თითოეული დიპლომატის უკან დგას სახელმწიფო თავისი ეროვნული ინტერესებით, ისტორიით და ხალხით. სწორედ ამაშია ჩვენი ძალა და, ამავე დროს, პასუხისმგებლობის უმთავრესი საფუძველი. დღეს ქართული დიპლომატის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ხშირად არ მოუცია შესაძლებლობა, ეროვნული ინტერესები დიპლომატიური გზებით დაგვეცვა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს უწევდა ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ურთულეს რეგიონში და სწრაფად ცვალებად თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლა დღესაც არანაკლებ რთულია. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი დიპლომატია იყოს. ამისთვის ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს — მშვიდობის შესანარჩუნებლად, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად, ისეთი საერთაშორისო გარემოს ხელშესაწყობად, რომელიც საქართველოს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს.

თანამედროვე მსოფლიოში სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუციური სიძლიერის მნიშვნელობა ყოველდღიურად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. საქართველომ ეს გამოწვევა საკუთარ თავზე მძაფრად განიცადა. ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ხელისუფლების უკომპრომისო მოქმედებით შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და მშვიდობიანი განვითარებისთვის პირობების შექმნა. ძლიერ ინსტიტუტებს კი ძლიერი პროფესიონალები ქმნიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების არაერთი თაობა აღზარდა, რომელთა პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ქვეყნისადმი ერთგულება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ დიპლომატს, ვინც თავისი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით და ერთგულებით ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, გამოცდილი დიპლომატების გვერდით საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა, განათლებული, თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული ახალი თაობა, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვაში.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს იმ მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რომლებიც სწორედ ახალგაზრდა თაობის სახელმწიფო სამსახურში მოზიდვას და პროფესიულ განვითარებას ემსახურება. სწორედ ამ ინიციატივების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროში ათობით ახალგაზრდას ეძლევა ყოველწლიურად შესაძლებლობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების რთულ პროცესში ჩაერთოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაში. დიპლომატიური აკადემიის შექმნის ისტორიული გადაწყვეტილება კი მომავალი წლიდან ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ, საკუთარი პროფესიული მომავალი დიპლომატიას დაუკავშირონ“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დიპლომატია განსაკუთრებული სიფაქიზისა და პასუხისმგებლობის ხელოვნებაა, სადაც თითოეულ სიტყვას შეუძლია, იქცეს როგორც დაპირისპირების, ისე დიალოგის და შეთანხმების ინსტრუმენტად.

„ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში ქართველი დიპლომატების უმთავრესი მისია მშვიდობის შენარჩუნება და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებზე საერთაშორისო მხარდაჭერის განმტკიცებაა. საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში წვლილის შეტანა დიპლომატების არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეა.

ჩვენი არჩევანი მშვიდობაა, ხოლო მშვიდობის დაცვა ისე, რომ არასოდეს დავთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტერესები, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ სულისკვეთებით, ქართველი დიპლომატების პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნისადმი ერთგულებით და სიამაყით გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისთვის.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ დიპლომატის დღეს, მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენაში. გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას და ბევრ მნიშვნელოვან გამარჯვებას საქართველოს სამსახურში“, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი