მაკა ბოჭორიშვილი ბელგიის სენატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს მარკ დემესმეკერს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ბელგიის სენატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარკ დემესმეკერს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა ტურიზმი, ეკონომიკა, ბიზნეს და ხალხთა შორის კონტაქტები.
შეხვედრისას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ბელგიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე. მარკ დემესმეკერმა აღნიშნა, რომ ბელგია განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს პრიორიტეტული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას.