მაკა ბოჭორიშვილი – არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები, ეს არის აუცილებელი, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში

09:11, 21.11.2026

არაფერია საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი. პირიქით, ეს უნდა იყოს ყველასთვის მისასალმებელი და მისაღები, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მინსკში გამართულ შეხვედრაზე, ასევე შეხვედრის ადგილის ცვლილებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრის ადგილი ყველასთვის მისაღები უნდა ყოფილიყო.

„ადგილთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა, თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. ზოგადად, ამ ფორმატის საჭიროებაზე როდესაც ვსაუბრობთ, არის საჭიროებები, რომლებიც სწორედ საქართველოს, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა შეხვედრის გამართვა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.

„ბოლო პერიოდში უნდათ, რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე, მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი. პირიქით, ეს უნდა იყოს ყველასთვის მისასალმებელი და მისაღები, როდესაც პრობლემურ საკითხებზე იმათთან, ვისთანაც გვაქვს პრობლემები, ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე და არ უნდა გვეშინოდეს ამ თემაზე საუბრის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი