მაკა ბოჭორიშვილი – არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
რა ინტერესი არსებობს, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონი“ იქნება, თუ არ იქნება, ვის სჭირდება მისი გაუქმება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„რატომ უნდა გავაუქმოთ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო? პარლამენტი ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც დიდწილად არის პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკაზე, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ ძალიან კარგად განვმარტეთ, რატომ სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რომელსაც „რუსული კანონი“ უწოდეს და რომელსაც დაუპირისპირეს ის პროცესები, რაც დაუპირისპირეს. ეს ყველაფერი ყველას კარგად გვახსოვს.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობა რა ნაწილში მოდის წინააღმდეგობაში ევროპულ ფასეულობებთან და რა არის მასში ისეთი მიუღებელი ევროპული საზოგადოებისთვის, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, რა პროცესები მიმდინარეობს და რამდენად საჭიროა უცხოური დაფინანსებისა და უცხოური გავლენების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა
ამ განცხადებით მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იზრდება თუ არა რისკი, რომ განცხადების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რეაგირების მექანიზმები ამოქმედდეს იგივე უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ კანონების გაუქმებასთან, ან გადახედვასთან დაკავშირებით მოწოდებები არ იქნება გათვალისწინებული.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ევროკავშირის მუდმივი მითითებები, რომლის მიხედვითაც მოცემულობები არის სხვადასხვა, რომ იქ ძირითადად ლობისტურ საქმიანობას უპირისპირდებიან, საქართველოში კი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.
„არ არის ასე. განსხვავებული მოცემულობა ის არის, რომ ეს საქართველოა, ის კი სხვა ქვეყანა. მეტი განსხვავება აქ არ არის. საქართველოსთან მიმართებით შეიძლება, გამოყენებული იყოს სხვა, ორმაგი ან, არ ვიცი, რამდენმაგი სტანდარტი, ხოლო სხვა ქვეყანასთან მიმართებით ეს ყველაფერი სხვაგვარად ჩანდეს. არ შეიძლება, საქართველოში პარტია აიკრძალოს მაშინ, როდესაც სხვაგან ათობით პარტიაა აკრძალული; არ შეიძლება, საქართველოში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს, სხვაგან კი ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყოს; საქართველოს ქართულმა პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგი არ უნდა დაიცვას, რადგან ეს ძალადობად ფასდება, სხვა ქვეყანაში კი პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგი ძალიან უხეში ფორმებით უნდა დაიცვას. „მოლოტოვის კოქტეილები“ და ფოიერვერკები საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციის სახე და სიმბოლოა, სხვა ქვეყანაში კი ეს არის ის, რისი გამოყენებაც დაუშვებელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.