მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს. საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და შუა დერეფნის მნიშვნელობას.
„დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, მათ შორის განსაკუთებით აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტი საქართველოში.
განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ მიმართულებით.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.