მაკა ბოჭორიშვილი - ანდრეი სიბიგასთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
მაკა ბოჭორიშვილი - ანდრეი სიბიგასთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას

უკრაინული მხარე ნამდვილად გააქტიურდა საქართველოსთან კომუნიკაციაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი ლაივი“ განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არცთუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გვერდით გადავდოთ. მნიშვნელოვანია ერთი ის, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხრიდან, რათა დავსხდეთ და ვისაუბროთ. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორე, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები, რაც დაგროვდა ურთიერთობებში, იყოს უკრაინული მხრიდან სწორად გაგებული, ისე როგორც გავიგეთ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა. შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება, რომ გაკეთდეს, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს პოზიციებსა და მიდგომებში არაფერი შეცვლილა.

„ჩვენ მტკიცე პოზიცია გვაქვს უკრაინასთან მიმართებით. ეს არის საკმაოდ თანმიმდევრული პოზიცია. ეს ჩანდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩანდა ჩვენს განცხადებებში, თუმცა იყო პოზიცია, რომელიც უგულებელყოფდა ყველაფერს, რასაც ამბობდა თბილისი. ეს ალბათ არის საკითხი, რაც უნდა ვიკითხოთ, რას ეფუძნებოდა ის პოზიციები, რომელიც გვესმოდა უკრაინული მხარის მხრიდან“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი ერევანში ქართულ და უკრაინულ მხარეებს შორის შემდგარ გასაუბრებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გასაუბრებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საუბარი.

„სურვილი, რომ ურთიერთობებში გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, ეს, პირველ რიგში, არის ის, რაც გავიგეთ და რასაც ემსახურებოდა ეს კომუნიკაცია. დანარჩენი უნდა ვნახოთ, დრო გვაჩვენებს, როგორ განვითარდება. ჩვენ გაცხადებულიც გვქონდა, რომ, გარკვეულწილად, ცალმხრივი მეგობრობის მდგომარეობაში ვრჩებოდით უკრაინასთან და, ფაქტობრივად, ცალმხრივი მხარდაჭერის რეჟიმშიც. ჩვენ ეს არასდროს შეგვიწყვეტია და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები დაეფუძნოს ორმხრივ პატივისცემას და ასე გაგრძელდეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც არის. ჩვენ არასდროს გვისურვია არცერთ მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა და თუკი ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც, შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოხარული ვიქნებით“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. საგარეო უწყების ცნობით, საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს.

ამასთან, ანდრეი სიბიგამ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სიბიგას თქმით, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე შეთანხმდნენ.

„მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი კონტაქტების შემდეგ გავაგრძელე დიალოგი მაკა ბოჭორიშვილთან, შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე“, – აღნიშნა სიბიგამ.

შეგახსენებთ, ანდრეი სიბიგასა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 4 მაისს გაიმართა შეხვედრა ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.