მაიკლ კარპენტერი - რესპუბლიკური კვლევების კომიტეტის ანგარიშს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ მინახავს
მაიკლ კარპენტერი - რესპუბლიკური კვლევების კომიტეტის ანგარიშს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ მინახავს

რესპუბლიკური კვლევების კომიტეტის ანგარიშს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ მინახავს, – „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში 13 „რესპუბლიკელი“ კანონმდებლის მიერ შედგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით აცხადებს აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი და ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი.

„სიმართლე გითხრათ, ამ დოკუმენტს არ ვიცნობდი, სანამ თქვენ არ დამიკავშირდით და ინტერვიუზე მასზე საუბრის სურვილი არ გამოთქვით. ეს კონგრესის „რესპუბლიკელების“ მხრიდან ცოტა უცნაურ დოკუმენტად მომეჩვენა. ის თითქოს ცდილობს ერთმანეთთან დააკავშიროს პრეზიდენტ ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა და ნეოკონსერვატიული მოსაზრებები იმაზე, თუ როგორი მკაცრი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა რუსეთის და ჩინეთის მიმართ. სინამდვილეში ტრამპი ძალიან სუსტია რუსეთისა და ჩინეთის მიმართ. მე, პირადად, ამ დოკუმენტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ მინახავს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დოკუმენტს „რესპუბლიკელი“ კანონმდებლები აწერენ ხელს და მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს კარპენტერი.

მისი თქმით, ამერიკულ წამყვან მედიაში ამ დოკუმენტის განხილვა არ უნახავს. „მაგრამ ის გასათვალისწინებელია, რადგან „რესპუბლიკელი“ კანონმდებლების ნაწილის შეხედულებას წარმოადგენს და ის სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. გამიკვირდება, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები რომ დაწესდეს. მე არ მინახავს სანქციებთან დაკავშირებული სერიოზული ორპარტიული პაკეტის შემუშავების ძალისხმევა. მაგრამ ამ საკითხისთვის ყურადღების მიქცევა ღირს“, – აცხადებს კარპენტერი.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა კონგრესმენ ადამ კინზინგერის მიერ გაკეთებული განცხადებებზე.

„ვფიქრობ, რომ ის ფხიზელი და რაციონალური ხმაა საქართველოს, უკრაინის, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მისი განცხადებები საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა აღიქვას. ის „რესპუბლიკური პარტიის“ იმ ფრთას წარმოადგენს, რომელსაც ბევრი აქვს საერთო „დემოკრატიული პარტიის“ საგარეო პოლიტიკის ხედვასთან. საქართველო და უკრაინა სწორედ ასეთი ორპარტიული მხარდაჭერით უკვე დიდი ხანია სარგებლობენ და კინზინგერი და მისი მსგავსი კონგრესმენები ამ ძალისხმევის დიდი ნაწილი არიან.

ვფიქრობ, რომ არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის ძლიერი ტრადიცია. მაგრამ ამას პასუხისმგებლობაც ახლავს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ კონგრესის წევრებს შეუძლიათ ხმამაღლა ამხილონ ნაბიჯები, რომლებიც მათი აზრით დემოკრატიული კონსოლიდაციიდან გადახვევაა, იქნება ეს უსამართლო ბიზნეს პრაქტიკა თუ რაიმე სხვა, რამაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას შეიძლება ხელი შეუშალოს. როგორც ყველა კარგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობაში არსებობს დიალოგი და თუ ვხედავთ რაიმე ისეთს, რაც არ მოგვწონს, ამაზე ღიად ვსაუბრობთ. მაგრამ ამავე დროს გავიმეორებ, რომ საქართველო რეგიონში გაცილებით წინაა დემოკრატიული თვალსაზრისით, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა. ამიტომ, იმედით ვუყურებ ოქტომბრის არჩევნებს, რომ ის სამართლიანი და კონკურენტული იქნება და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ლიდერის იმიჯს“, – აცხადებს მაიკლ კარპენტერი.