მაიკლ ფლინი პროკურორ მიულერთან თანამშრომლობას გეგმავს 
მაიკლ ფლინი პროკურორ მიულერთან თანამშრომლობას გეგმავს 

დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმის გამოძიების პროცესში ერთ-ერთი მთავარი მოწმე გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს. ფლინის ადვოკატებმა ტრამპის ადვოკატებთან კავშირი გაწყვიტეს, რის მიზეზადაც მედია რობერტ მიულერთან ფლინის სავარაუდო თანამშრომლობას ასახელებს.

რობერტ მიულერი, რომელსაც ამერიკულმა პრესამ ორი თვის წინ ვაშინგტონის ყველაზე გავლენიანი ფიგურა უწოდა, 2017 წლის აგვისტოდან დღემდე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეს იძიებს. იგი დამოუკიდებელი პროკურორია, რომელიც აღნიშნული საქმის გამოძიებას სენატორების მოთხოვნის შედეგად ჩაუდგა სათავეში.

მაიკლ ფლინი დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის თებერვალში გადადგა, როცა მედიამ მისი და აშშ-ში რუსეთის ელჩის, სერგეი კისლიაკის არაოფიციალური შეხვედრისა და კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ ამერიკულ მედიაში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის შესახებ პერმანენტულად წერენ.