სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, 54 წლის მაიკ ტაისონმა გამოაცხადა, რომ მზად არის ბრძოლა გამართოს 58 წლის ევანდერ ჰოლიფილდთან.
ამ ამბებამდე ორი დღით ადრე, ჰოლიფილდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაისონმა უარი თქვა ევანდერთან ბრძოლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰონორარის სახით 25 მილიონი დოლარი შესთავაზეს.
„მინდა ყველას გავაგებინო, რომ ჩემი ბრძოლა ჰოლიფილდთან გაიმართება. ის მოკრძალებული ადამიანია, ღმერთის სწამს, როგორც მე. ვაპირებ 29 მაისს გამარჯვების მიღწევას“, – განაცხადა ლეგენდარულმა მოკრივემ.
ჰოლიფილდმა კარიერაში ორჯერ დაამარცხა ტაისონი – 1996 წლის ნოემბერში მეტოქე მე-11 რაუნდში გაუშვა ნოკაუტში, 1997 წლის ივნისში კი გაიმარჯვა მაიკის დისკვალიფიკაციის გამო, რომელმაც ყურზე უკბინა.