მაიკ პომპეო - ვენესუელაში რუსული ბომბდამშენების გაგზავნა ნიშნავს, რომ ორი კორუმპირებული სახელმწიფო თანხებს ფლანგავს
მაიკ პომპეო რუსულ ბომბდამშენ ტუ-160-ის ვენესუელაში გაგზავნას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
მაიკ პომპეოს განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვენესუელისა და რუსეთის მთავრობები სახელმწიფო თანხებს ფლანგავენ.
„რუსეთის ხელისუფლებამ ნახევარი მსოფლიოს გადაღმა, ვენესუელაში ბომბდამშენები გაგზავნა. ვენესუელის და რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ეს – ორი კორუმპირებული ხელისუფლება სახელმწიფო თანხებს ფლანგავს. ისინი დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას არღვევენ მაშინ, როდესაც ხალხი იტანჯება“ ,-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მიკრობლოგის პირად გვერდზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლათინური ამერიკის სახელმწიფოში რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-160, ასევე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-124 და სამგზავრო თვითმფრინავი ილ-62 ჩაიტანეს.
პირველად ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონზე დაყრდნობით The Washington Free Beacon-მა გაავრცელა. ამერიკული გამოცემის ცნობით, რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების წარმომადგენლებმა ვენესუელაში ორი ქვეყნის ერთობლივ სწავლებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
მოგვიანებით ვენესუელაში ორი ტუ-160-ის განთავსების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.