მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ვიზიტისას ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს განიხილავს
მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ვიზიტის დროს პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, მას სურს დარწმუნდეს, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულები პასუხს რეალურად აგებენ.
The Washington Post-ის ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი რამდენიმე თვის წინ სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის დროს გაუჩინარდა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციალურმა ერ-რიადმა აღიარა, რომ ჟურნალისტი დიპლომატიურ უწყებაში მოკლეს. დანაშაულთან დაკავშირებით საუდის არაბეთში ეჭვმიტანილები დააკავეს.
ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან ერთად, მაიკ პომპეო საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან რეგიონში არსებულ კონფლიქტებს განიხილავს. მათ შორისაა სირია და იემენი.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატი ახლო აღმოსავლეთის ტურში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო უკვე ესტუმრა ერაყს, იორდანიას, ეგვიპტესა და ბაჰრეინს. ამჟამად ის ყატარში იმყოფება. შემდეგი ქვეყანა კი საუდის არაბეთია.