მაიკ პომპეო საუდის არაბეთის მეფესთან შესახვედრად ერ-რიადში ჩავიდა
მაიკ პომპეო საუდის არაბეთის მეფესთან შესახვედრად ერ-რიადში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ რიადში ჩავიდა. მაიკ პომპეო საუდის არაბეთის მეფეს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული ჟურნალისტის საკითხთან დაკავშირებით შეხვდება.

ერ რიადში ჩასვლისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ხაშოგი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში თურქეთის მოქალაქესთან ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების გასაფორმებლად იყო მისული. საცოლე მას გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდა, თუმცა ხაშოგი არ გამოჩენილა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ერ-რიადი ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა.
ჯამალ ხაშოგს საუდის არაბეთში ერთ-ერთი ცნობილი გაზეთის რედაქტორის თანამდებობა ეკავა. წლების განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაშიც.

ჟურნალისტი საუდის არაბეთის პრინცის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი იყო.