მაიკ პომპეო - რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ღირებულებების სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ისინი საპირისპირო მიმართულებით მიდიან
მაიკ პომპეო - რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ღირებულებების სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ისინი საპირისპირო მიმართულებით მიდიან

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ ნატო კვლავ ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაიკ პომპეომ ავტორიტარულ რეჟიმებს შორის რუსეთი, ჩინეთი და ირანი დაასახელა.

„ბერლინის კედლის დაცემა ნამდვილად იყო თავისუფალი საზოგადოებების გამარჯვება ავტორიტარიზმზე. 30 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ საფრთხეების წინაშე ვართ ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან და კვლავ ერთად უნდა აღვუდგეთ წინ. რუსეთი, ჩინეთი, ირანი – მათი ღირებულებების სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ისინი საპირისპირო მიმართულებით მიდიან“, – განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები ტერორიზმის, რადიკალური ისლამური ექსტრემიზმისა და კიბერსაფრთხეების წინაშე დგანან, ამიტომ, მათ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი. პომპეოს თქმით, ამისთვის საჭიროა თავდაცვითი ხარჯების ტვირთის თანაბარი განაწილება.

მან აღნიშნა, რომ აშშ მოხარულია იმ პროგრესის გამო, რომელიც 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მხრივ შეინიშნება.