მაიკ პომპეო მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა
მაიკ პომპეო მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაიკ პომპეომ მევლუთ ჩავუშოღლუსთან აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირე თურქეთისთვის ეს-400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენისთვის სანქციების დაწესების საკითხი განიხილა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, მაიკ პომპეომ მკაფიოდ მიანიშნა თურქ კოლეგას, რომ თურქეთის მიერ ეს-400-ების სისტემის შეძენა საფრთხეს უქმნის აშშ-ის პერსონალსა და სამხედრო ტექნოლოგიას, ასევე რუსეთს აძლევს წვდომას თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ დაწესებული სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს, მიიღოს არსებითი შემოსავალი, მოიპოვოს წვდომა და გავლენა. მისი თქმით, სანქციები არ ისახავს მიზნად თურქეთისა ან აშშ-ის ნებისმიერი სხვა მოკავშირისა ან პარტნიორის სამხედრო პოტენციალისა თუ საბრძოლო მზადყოფნისთვის ძირის გამოთხრას.

მაიკ პომპეომ მოუწოდა თურქეთს, გადაწყვიტოს ეს-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემების საკითხი ანკარასა და ვაშინგტონს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიის შესაბამისად და დაადასტუროს ნატო-ს წინაშე ვალდებულება ნატო-სთან თავსებადი იარაღის შეძენაზე.