მაიკ პომპეო - ჯონ ბოლტონი მოღალატე გახდა, რომელმაც ამერიკელებს ზიანი მიაყენა და ხალხის ნდობას ძირი გამოუთხარა
მაიკ პომპეო - ჯონ ბოლტონი მოღალატე გახდა, რომელმაც ამერიკელებს ზიანი მიაყენა და ხალხის ნდობას ძირი გამოუთხარა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ ჯონ ბოლტონს მოღალატე, ხოლო მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ბოლტონმა „აშშ-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა”.

სახელმწიფო მდივანი ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მიერ გამოქვეყნებულ მემუარებს, რომელშიც ტრამპის მიმართ არაერთი კრიტიკული შენიშვნაა გამოთქმული.

„მე ეს წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ნაწყვეტებით თუ ვიმსჯელებთ, ჯონ ბოლტონმა გაავრცელა რამდენიმე ცრუ ფაქტი, ასევე დამახინჯებული ნახევრად სიმართლე და სრული სიცრუეც. ეს ერთდროულად სევდიანი და საშიშია. ფინალში ჯონ ბოლტონი მოღალატე გახდა, რომელმაც ამერიკელებს ზიანი მიაყენა, ხალხის ნდობას გამოუთხარა ძირი. მივმართავ ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში – პრეზიდენტ ტრამპის ამერიკა არის ძალა, რომელიც მთელს მსოფლიოში საუკეთესოსთვის იბრძვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

როგორც ცნობილია, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება, რათა დადგინდეს, დაარღვია თუ არა ჯონ ბოლტონმა მემუარების წერის დროს კანონი საიდუმლო ინფორმაციის გაუვრცელებლობის შესახებ.

ჯონ ბოლტონის მემუარების პუბლიკაცია 23 ივნისს იგეგმება. მანამდე ამერიკულმა მედიამ წიგნის რამდენიმე ნაწყვეტი გამოაქვეყნა.