მაიკ პომპეო - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა დასაჯოს ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავენ
მაიკ პომპეო - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა დასაჯოს ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდა, დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავენ. მაიკ პომპეოს თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პასუხისმგებელია, რომ ყველა სახელმწიფო ჯანდაცვის საერთაშორისო წესებს იცავდეს.

„ქვეყნები, რომლებიც ამ წესებს არ იცავენ, უნდა დაისაჯონ და გარკვეული თანხებით უნდა დაჯარიმდნენ“ – განაცხადა პომპეომ.

ამავე დროს პომპეომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას საკმარისად სწრაფად არ ავრცელებდა.

„ვირუსი დაიწყო ჩინეთიდან და დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ახლაც გვჭირდება ინფორმაცია. საქმე არ ეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვინმესთვის დაკისრებას. ჩვენ ვსაუბრობთ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა ამერიკელების და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეების გადასარჩენად. თუ ქვეყნები მალავენ ინფორმაციას, მაშინ ადამიანები კვდებიან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.