მაიკ პომპეო - ისრაელის მიერ სუვერენიტეტის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს აშშ ვერ მიიღებს, ეს თავად ისრაელმა უნდა გააკეთოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის მიერ სუვერენიტეტის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს აშშ ვერ მიიღებს და ეს თავად ისრაელმა უნდა გააკეთოს.
„ჩვენ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა რამდენიმე თვის წინ მივიღეთ და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. ისრაელის სუვერენიტეტის გაფართოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თავად ისრაელმა უნდა მიიღოს. ჩვენ ყველა მეზობელ ქვეყანასთან ერთად განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება, ეს პროცესი ისე წარვმართოთ, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ. პრემიერ-მინისტრმა ნათლად განაცხადა საკუთარი მიზანი. მას სურს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ჩვენი ხედვა წარმატებული აღმოჩნდეს და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა გამოთქვეს იმედი, რომ ჩვენ ამის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა პომპეომ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პალესტინის მიერ მოლაპარაკებებში ჩართვაზე უარის თქმა თავად პალესტინის მოსახლეობისთვის არის ცუდი.
„მე უბრალოდ ვნანობ, რომ პალესტინა უარს აცხადებს ამ პროცესში ჩართვაზე. მათ უარყვეს ჩვენი შეთავაზება. ჩვენ მათ მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდაზე მისვლა ვთხოვეთ, მათ კი მუქარის გზა არჩიეს. ეს პალესტინელებისთვის კარგი არ არის, ეს მათთვის საფრთხეს წარმოდგენს. ჩვენ ისრაელსა და პალესტინას ვთხოვეთ, მოლაპარაკებების მიზნით შეკრებილიყვნენ, რათა პრობლემას, რომელიც უკვე ათწლეულებია დგას, გადაწყვეტა ერთად მოვუძებნოთ. იმედი მაქვს, მომავალ კვირებში ჩვენ ამ კუთხით რეალურ პროგრესს მივაღწევთ“, – აღნიშნა პომპეომ.