მაიკ პომპეო - აშშ-ს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა
ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია „ეიბისის“ ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, ჩინეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა მსოფლიოს კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია დროულად არ გაეგო.
ინტერვიუში ჩინეთის ხელისუფლების ქმედებებს პომპეომ კლასიკური კომუნისტური დეზინფორმაციული ძალისხმევა უწოდა. მან ოფიციალური პეკინი მედიკოსებისა და ჟურნალისტების დევნაში დაადანაშაულა.
სახელმწიფო მსივნის განცხადებით, ჩინეთის ამ ნაბიჯებმა უზარმაზარი რისკი შექმნა და მთელი მსოფლიოს ფარგლებში ასობით ათასი ადამიანი დააზარალა.
„ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რათა მსოფლიოს დროულად ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ.