მაიკ პომპეო - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები, რათა ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის პოლიტიკასა და მედიაში
მაიკ პომპეო - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები, რათა ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის პოლიტიკასა და მედიაში

2016 და 2017 წლებში საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი, მომავალში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ჩათვლით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში.

„ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია. ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა იმ ასპექტს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ეროვნულ უსაფრთხოებას, დინამიკურ ეკონომიკას და დემოკრატიას. ჩვენ ვიცით, რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს. კანონის უზენაესობას, რომელსაც ერთვის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებული ხელისუფლება და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული პლურალიზმი, არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის”, – განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, შექმნას შესაძლებლობები, რათა ისმოდეს ყველას ხმა, მათ შორის პოლიტიკასა და მედიაში, ასევე განამტკიცოს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები სახელისუფლო ინსტიტუტებში.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველო განაგრძობს რეფორმების პროცესს. ქვეყნის წარმატებას ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობაც – უპასუხოს ქართველი ხალხის მოლოდინებს და უზრუნველყოს ეკონომიკური კეთილდღეობა და სახელისუფლებო გამჭვირვალობა. ჩვენი ქვეყნები არიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს უკვე 25 წლის განმავლობაში და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღეს, როგორც მოკავშირეებიც ნატოს ფარგლებში”,  – განაცხადა პომპეომ.