მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ში შესაძლოა, ჩინური სოციალური მედიის პროგრამები აიკრძალოს, მათ შორის „ტიკტოკი“
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ჩინური სოციალური მედიის პროგრამები აიკრძალოს, მათ შორის „ტიკტოკიც“. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ჩინური სოციალური მედიის პროგრამების დაბლოკვას.
„არ მსურს, პრეზიდენტზე ადრე ვისაუბრო ამ თემაზე, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეოს თქმით, ეს პროგრამები მოსახლეობამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწეროს, თუ სურს, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.