მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა
მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი „რესპუბლიკური“ პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. მაიკ პენსმა შესაბამისი დოკუმენტები უკვე შეავსო.

63 წლის მაიკ პენსი თავის საარჩევნო კამპანიას ოთხშაბათს აიოვაში სიტყვით გამოსვლით ფორმალურად დაიწყებს. ამგვარად, მაიკ პენსი რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე გახდა, რომლის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპი რეიტინგით მას ბევრად უსწრებს.

მაიკ პენსი, რომელიც საკუთარ თავს აღწერს „ქრისტიანად, კონსერვატორად და რესპუბლიკელად“, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში მისი ლოიალური მოადგილე იყო. თუმცა, 2021 წლის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ პენსი ტრამპისგან დისტანცირდა. მარტში პენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ თავისი მომხრეების წაქეზებამ პენსის ოჯახის და იმ დღეს კაპიტოლიუმში მყოფი ყველა პირის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

„რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა 2024 წლის ზაფხულში პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.