მაიკ პენსი ჩინეთს ცივი ომით ემუქრება
მაიკ პენსი ჩინეთს ცივი ომით ემუქრება

მაიკ პენსი ჩინეთს ცივი ომით ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა The Washington Post-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მაიკ პენსის განმარტებით, თუ ოფიციალური პეკინი საკუთარ ქმედებებს არ შეცვლის, ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან „ტოტალური ცივი ომი“ ელის.

„ამის თავიდან ასაცილებლად ჩინეთმა მასშტაბური ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ცვლილებები უნდა განახორციელოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არგენტინაში გადაწყდება“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

მან ლათინური ამერიკის ქვეყანაში დონალდ ტრამპსა და სი ძინ პინს შორის დაგეგმილი შეხვედრა იგულისხმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ჩინეთი კონკრეტულ დათმობებზე არ წავა, ვაშინგტონი მზად არის, ეკონომიკური, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლა გააძლიეროს. მაიკ პენსის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ვითარების მსგავსი ესკალაციისთვის საკმარისად ძლიერია.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთის საქონელზე არსებული ტარიფები გაზარდა.