მაიკ პენსი - აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს
მაიკ პენსი - აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მაიკ პენსის თქმით, ახალი სანქციები ფხენიანის სარაკეტო-ბირთვული პროგრამის წინააღმდეგაა მიმართული.

სიტყვით გამოსვლისას მაიკ პენსმა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას მსოფლიოს ყველაზე ტირანული და რეპრესიული რეჟიმი უწოდა. მისი თქმით, აშშ-ი და მისი მოკავშირეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ფხენიანზე მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ კორეის ნახევარკუნძულის სრული და შეუქცევადი დენუკლეარიზაციისთვის.

„მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლის კამპანიას, სანამ ჩრდილოეთ კორეა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს განიარაღებისკენ, რომელიც იქნება ყოვლისმომცველი, შემოწმებადი და შეუქცევადი. შეერთებული შტატები მალე გაასაჯაროვებს ეკონომიკური სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს, რაც კი აქამდე დაუწესებია“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და ტოკიო არ დაუშვებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიური თამაშების დროშას ამოეფაროს.