მაია უგრეხელიძე - ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ჩაკეტილი არიან და თავის სამყაროში არანაირად არ გიშვებენ
მაია უგრეხელიძე - ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ჩაკეტილი არიან და თავის სამყაროში არანაირად არ გიშვებენ

ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ჩაკეტილი არიან და თავის სამყაროში არანაირად არ გიშვებენ, – ამის შესახებ პირველი საბავშვო ბაღის წამყვანმა მასწავლებელმა, მაია უგრეხელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაგალითად, თუ რომელიმე თანამშრომელმა ტელეფონი მაგიდაზე დადო, ბავშვები იმწუთას მიდიან მასთან. ამიტომ, ვცდილობთ, ტელეფონები შენახული გვქონდეს და მშობლებსაც ვეხვეწებით – არ გინდათ ეს პლანშეტები და რაღაცები-თქო. გვეუბნებიან, რომ ბავშვი ისე არ იძინებს, არ ჭამს და ა.შ. მესმის, რომ მათ ამასთან გამკლავება უჭირთ. კიდევ, იცით, რა აქვთ ბავშვებს?! ძალიან უჭირთ კომუნიკაციაში შესვლა. მშობლები ალბათ, ისეთი დაღლილი მოდიან სახლში, რომ აღარ აქვთ ბავშვთან სითბოს გამოხატვის ენერგია და ბავშვები სულ გეფერებიან; უნდათ, სულ შენთან იყვნენ“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

მისი თქმით, მშობლებმა ბავშვები მაქსიმალურად უნდა მოარიდონ გაჯეტებს.

„მე მყავდა ბავშვი, რომელიც ოთხი წლის ასაკში არ ლაპარაკობდა. როგორც კი მუსიკას ჩავრთავდით, ბავშვი მღეროდა და ჩვენ გაოცებული ვიყავით. ეს იმის შედეგი იყო, რომ დედა ტელეფონს, ან „აიპადს“ მისცემდა და ამ მუსიკას მონოტონურად ასმენინებდა. ბავშვმა სიმღერა ისწავლა, ლაპარაკი კი არ იცოდა. დედამ ძალიან განიცადა ეს და მერე, სხვადასხვა სამსახური ჩართო, რომ ეს პრობლემა აღმოეფხვრა“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

როგორც უგრეხელიძემ აღნიშნა, ის დედებსა და შვილებს შორის ურთიერთობის დეფიციტს გრძნობს, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ვთვლი, რომ პირველ რიგში, დედაშვილობაა აუცილებელი“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

პირველი საბავშვო ბაღის წამყვანმა მასწავლებელმა ასევე განაცხადა, რომ ინტერნეტდამოკიდებული ბავშვები ისევ ბავშვებს შეჰყავთ თავიანთ სამყაროში და ამიტომ, საბავშვო ბაღი მათ ძალიან ეხმარება.

„ეს ერთი და ორი კვირის პრობლემა არ არის, მაგრამ საბავშვო ბაღში, ბავშვებთან კონტაქტისას ალბათ, ერთ-ორ თვეში ალაგდება. ბავშვს თამაში ავითარებს და ვფიქრობ, საბავშვო ბაღიდან უნდა დაინერგოს ეს, რომ ბავშვი თამაშში განვითარდეს“, – განაცხადა მაია უგრეხელიძემ.